„ამ ქვეყანაში არავის არასოდეს არ უნდა ეპატიოს ჩადენილი დანაშაული“

„ვფიქრობ, რომ ეს არის ლოგიკური და გაგრძელება იმისა, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა“, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ კანონის მიმართ ყველა თანასწორია და კანონი ნებისმიერი დანაშაულის მიმართ სამართლიანი და მკაცრი იქნება.
„მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ბოლო ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებსაც კანონი ედავება. არც ერთი ქვეყნისთვის არ არის კარგი, როდესაც მისი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულის სკამზე ხვდებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ლოგიკური და გაგრძელება იმისა, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა. ამ ქვეყანაში არავის არასოდეს არ უნდა ეპატიოს ჩადენილი დანაშაული. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ კანონის მიმართ ყველა თანასწორია და კანონი ნებისმიერი დანაშაულის მიმართ სამართლიანი და მკაცრი იქნება. სასამართლომ არგუმენტირებული მტკიცებულებების შესაბამისად მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.
მიროტაძე ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა და სასამართლოს მიმართ ხელისუფლების მიერ ზეწოლა უარყო. მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ უამრავ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა. მიროტაძის განცხადებით, ჯიბეში ჩასმული მოსამართლეები ქვეყანას დაღუპავენ.
„ მე მაქვს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც წინა წლებში გამამართლებელი განაჩენი არ სცდებოდა 0,02%-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცოტა გამამართლებელი განაჩენი გამოდიოდა. დღევანდელ რეალობაში ეს შეცვლილია და სასამართლომ ბევრ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი მიიღო. თუ ხელისუფლება ერევა, მაშინ სასამართლო დაემორჩილება მის ნებას და რასაც მოითხოვს პროკურატურა, იმასვე აღასრულებს სასამართლო. მე მახსოვს ჯიბეში ჩასმული სასამართლო, მე არ მინდა ქვეყანას ჰყავდეს ჯიბეში ჩასმული მოსამართლეები, ვინაიდან ეს დაღუპავს ამ ქვეყანას“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას მიმართ განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოცხადა. საქმეში ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრალად. ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები