გორში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გორში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველი თანამედროვე მხატვრების ტილოების გამოფენა გაიხსნა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ. ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციას წარმოადგენს.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს აღნიშნულ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის.

“გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენი ვალია ეს სიმდიდრე შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და სწორად წარმოვაჩინოთ, რათა მუნიციპალიტეტმა უფრო მეტი სტუმარი მოიზიდოს. გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას” – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა.

ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები