აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპორტირებულ მედიკამენტებზე, სატვირთო მანქანებსა და ავეჯზე ახალი ტარიფები დააწესა.
აშშ 1 ოქტომბრიდან იმპორტირებულ ბრენდირებულ მედიკამენტებზე 100%-იან, სატვირთო მანქანებზე 25%-იან და ავეჯზე 50%-მდე ტარიფებს დააწესებს.
“1 ოქტომბრიდან ყველა ბრენდირებულ და დაპატენტებულ მედიკამენტზე 100%-იანი ტარიფი დაირიცხება, თუ კომპანიები აშშ-ში წარმოების ობიექტებს არ ააშენებენ”,- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მან ასევე გამოაცხადა 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ ყველა უცხოურ წარმოების სატვირთო მანქანაზე. ტრამპმა თქვა, რომ ეს ზომა მიზნად ისახავდა ამერიკელი მწარმოებლების მხარდაჭერას.
ავეჯზე სხვადასხვა განაკვეთი ვრცელდება: სამზარეულოს კარადები, ნიჟარები და მასთან დაკავშირებული ნივთები 50 პროცენტიან გადასახადს დაექვემდებარება, ხოლო რბილი ავეჯი 30 პროცენტიან გადასახადს.
თეთრი სახლი ამ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას უკავშირებს.