კოლუმბია ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვს
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ სისხლის სამართლის გამოძიება მოითხოვა დონალდ ტრამპის და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც კარიბის ზღვის აუზში ნავებზე ბოლო დროს განხორციელებულ საჰაერო დარტყმებში მონაწილეობდნენ.
აშშ-მა ამ თვეში სასიკვდილო დარტყმები განახორციელა ნარკოტიკებით სავარაუდო მოვაჭრე სამ გემზე, რაც, მედიის შეფასებით, რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიერ ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს.
სამშაბათს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პეტრომ დაგმო თავდასხმები და ტრამპი სიღარიბისა და მიგრაციის კრიმინალიზაციაში დაადანაშაულა.
„სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას აშშ-ის იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, თუნდაც ეს იყოს ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელმაც გასცა ბრძანება“, – განაცხადა პეტრომ დარტყმების შესახებ.
პეტრომ განაცხადა, რომ ნავის მგზავრები არ იყვნენ ვენესუელური „ტრენ დე არაგუას“ ბანდის წევრები, რაც ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პირველი თავდასხმის შემდეგ გაკეთებული განცხადების.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა ტრამპის ქმედების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს.