“ისრაელი და საქართველო ახლო მეგობრები არიან, ერთმანეთის თანადგომა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“

 

   პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები, დღეს, ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.
როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ისრაელი და საქართველო ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთის თანადგომა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტი მონდომებულია წვლილი შეიტანოს მეგობრობის გაღრმავებასა და გაფართოებაში. მან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ავრაჰამ მიქაელს და ელისო ჩაფიძეს, რომლებიც აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობენ, მადლობა გადაუხადა. ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აბსორბციის მინისტრმა, სოფა ლანდვერსმა განაცხადა, რომ მათთვის დიდი პატივია, ესტუმროს საქართველოს და დაესწროს ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. მან ყურადღება გაამახვილა მეგობრობის ჯგუფების კონკრეტულ მნიშვნელობაზე. სოფა ლანდვერსმა მადლიერება გამოხატა დავით უსუფაშვილის მიმართ, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით 22-23 ივლისს იმყოფებოდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელს განსაკუთრებულად რთულ დღებში ესტუმრა. ეს რთული პერიოდი უკვე დაძლეულია“- განაცხადა ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კოორდინირებული მუშაობით, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყრება საფუძველი. „ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტული თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების სფეროში. ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ურთიერთობა არა მხოლოდ გასულ 26 საუკუნეს, არამედ მომავალ 26 საუკუნეს უნდა ითვლიდეს და ჩვენ ვეცდებით, რომ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ საპატიო საქმეში“. – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები