პროკურორი: ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ ეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას ახორციელებდნენ

,,ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, ასევე თუ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა, გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას”,- ამის შესახებ, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის საქმის პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეალიზების ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან რეალიზაცია, მოხდება ბრალის დაზუსტება.

„სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულთა მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე და გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებში არ იყო დადასტურებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული.

ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას ახორციელებდნენ. ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, ასევე თუ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას.

რეალიზების ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან რეალიზაცია, მოხდება ბრალის დაზუსტება.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ ამოღებულ იქნა ყველა ის ნივთმტკიცება, რომელიც ბრალდების მხარემ და საგამოძიებო ორგანომ მიიჩნია, რომ დაკავშირებული იყო დანაშაულთან. ყველა ნივთმტკიცება გადმოტანილია საგამოძიებო ორგანოებში და ნაწილის ადგილზე დალუქვა მოხდა“,- განაცხადა გიორგი ჯავარაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები