ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი სროლა ხდება – ევროპის რომელი ნაწილია ყველაზე საშიში
Euronews-მა შეადგინა ევროკავშირის დედაქალაქების სია, მათი უსაფრთხოებისა და სროლის რისკის მიხედვით. ყველაზე სახიფათო ქალაქებს შორის ბრიუსელი და სტოკჰოლმი ლიდერობენ, სადაც წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები განსაკუთრებით მომრავლდა.
როგორც მედია აღნიშნავს, ბრიუსელი წელს იარაღით ძალადობის მხრივ ევროპის ყველაზე საშიში დედაქალაქია. ანდერლეხტსა და მოლენბეკის რაიონში ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდების ძალადობის ესკალაციის შემდეგ, ბელგიის დედაქალაქში სროლები გახშირდა.
კვლევის მიხედვით, ბრიუსელში 2025 წლის აგვისტოსთვის უკვე 57 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რომელთაგან 20 ზაფხულის თვეებში მოხდა. სტოკჰოლმში იმავე პერიოდში 55 ინციდენტი აღირიცხა, რაც 9 ადამიანის სიცოცხლის დაკარგვით დასრულდა. საფრანგეთში, განსაკუთრებით მარსელში, დანაშაულები ნარკობანდებთან არის დაკავშირებული — გასულ წელს 24 ადამიანი დაიღუპა.
შედარებით მშვიდ ვითარებას ინარჩუნებენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბერლინი, დუბლინი და ჰელსინკი, სადაც შემთხვევები იშვიათია. ყველაზე უსაფრთხო ქალაქებად კი დასახელებულია ვილნიუსი, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბრატისლავა, ლუქსემბურგი, ვალეტა და ტალინი, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულები პრაქტიკულად არ ფიქსირდება.
Euronews-ი აღნიშნავს, რომ ანალიზი ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას, სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებსა და მედია-საშუალებების ცნობებს, თუმცა მეთოდოლოგიის განსხვავებების გამო შედეგები შეიძლება სრულად არ ასახავდეს რეალურ სურათს.
მათივე აღნიშვნით, სიაში შემავალი ქალაქების უმეტესობა ევროკავშირის დედაქალაქებია, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი: მარსელში გასულ წელს სიტუაცია იმდენად ცუდი იყო, რომ ჩამონათვალში შეიტანეს.