მაია ფანჯიკიძე: გერმანია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

    მაია ფანჯიკიძე: გერმანია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული შეთანხმების თაობაზე ისაუბრა. ამის შესახებ “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გერმანულმა მხარემ გაიზიარა ის შეშფოთება, რაც რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოს გააჩნია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი აშკარად მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, წარმოაჩენს რუსეთის განზრახვას, გააგრძელოს ანექსიის პოლიტიკა და ამით წინ აღუდგეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას. “გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემმა კოლეგამ აღმითქვა, რომ ეს თემა იქნება რუსეთთან კომუნიკაციის დროს მისი საუბრის ერთ-ერთი თემა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონისათვის შეთავაზებული დოკუმენტის თაობაზე და გერმანია-საქართველოს ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები