თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში. ინფორმაციას ამის შესახებ, აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, მიღებას, რომელიც ბენჯამენ ფრანკლინის სახელობის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაიკლ რიგასმა უმასპინძლა.
„მიღებაში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ასევე სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მათ შორის წარმოდგენილი იყო აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ახლად დანიშნული თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი. მასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
ღონისძიება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისის და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პატივსაცემად გაიმართა“, –ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.