“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს ნდობისთვის; მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს ოთხი წელი მოვემსახურო ჩვენს მოსახლეობას” – არჩილ ნიჟარაძე
“საზოგადოება მიცნობს სიმღერით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვემსახურო ქართულ კულტურას. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების დიდი სიყვარული დავიმსახურე და მაქსიმალურად ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩილ ნიჟარაძემ განუცხადა.
როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, მისთვის ეს ახალი ამპლუა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს ნდობისთვის და მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ოთხი წელი მოვემსახურო ჩვენს მოსახლეობას.
საბურთალო არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ახლა ჩემს ოჯახთან ერთად საბურთალოზე ვცხოვრობ, მოსახლეობის საჭიროებებს კარგად ვიცნობ, თუმცა ამ ყველაფერს უფრო კარგად ვიგებ მათთან კომუნიკაციით და შეხვედრებისას. ის განხორციელებული პროექტები, რომელიც ბატონმა კახიმ და მისმა გუნდმა განახორციელა ქალაქის მასშტაბით, ვთვლი რომ უნდა გაგრძელდეს და მაქსიმალურად მხარს დავუჭერ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ქალაქის განვითარებისკენ იქნება მიმართული.
საბურთალო მჭიდროდ დასახლებული რაიონია და მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. წლების განმავლობაში ქაოსური მშენებლობები ხელს უშლიდა ამ პროცესის განვითარებას, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება. ამის ნათელი მაგალითია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია, სადაც თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის მეშვეობით შეძლო რიგი პრობლემების გადაჭრა და საბურთალოს გამგეობამ აქ სამი რეკრეაციული ზონა მოაწყო. ამავე ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა იყო მიწისქვეშ კომუნიკაციების და გზის საფარი იყო დაზიანებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რის შედეგადაც ყველა პრობლემა აღმოიფხვრება.
წინასაარჩევნო შეხვედრები თბილ გარემოში მიმდინარეობს მოსახლეობასთან, იგრძნობა მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა, ნდობა ჩვენი გუნდის მიმართ. ამ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება 4 წლის განმავლობაში და ერთად ვიმოქმედებთ, რომ გადავჭრათ ის პრობლემები, რაც მოსახლეობის მხრიდან ჟღერდება ამ შეხვედრებზე“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.