ნავალნის ქვრივი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ციხეში მოწამლეს
პატიმრობაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე რუსეთის ციხეში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოწამლეს.
ნავალნი თებერვალში საეჭვო ვითარებაში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. 47 წლის ნავალნი, თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ მცირე დეტალები გაავრცელეს.
იულია ნავალნაია ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ოპოზიციონერის სიკვდილზე კრემლია პასუხისმგებელი.
იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ ნავალნის ცხედრის ბიოლოგიური ნიმუშები რუსეთიდან გაიტანეს და საზღვარგარეთის ორ ლაბორატორიაში შეამოწმეს. მისი თქმით, ორივე ლაბორატორიამ დაასკვნა, რომ ნავალნი მოწამლეს, თუმცა დასკვნები „პოლიტიკური მოსაზრებების“ გამო არ გამოაქვეყნეს.
ოპოზიციონერი ლიდერის ქვრივი არ ასახელებს ქვეყნებს და ლაბორატორიებს, სადაც კვლევა ჩატარდა, თუმცა მათგან შედეგების გამოქვეყნებას მოითხოვს.