გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის პოლიტიკა მსოფლიოს რუკას ყოველდღიურად ცვლის

რუსეთს აქვს პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოს რუკას ყოველდღიურად ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოკიოში, ეროვნულ პრესკლუბში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოში რუკის ფერების არასტაბილურობას უსაფრთხოების კუთხით პრობლემები მოაქვს. მარგველაშვილი რუსეთის პოლიტიკაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს. “მსოფლიოს რუკის ფერები იცვლება ყოველდღიურად იმ თეორიების საფუძველზე, რომელიც ყალიბდება მოსკოვში. ფერები შეიცვალა უკრაინაში – ყირიმი ახლა სხვა ფერისაა, დონეცკი და ლუგანსკი სხვა ფერის, სხვა ფერები ჰქონდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს და ახლა ისინი ცდილობენ, შეცვალონ ეს ფერები. თანამედროვე მსოფლიოში რუკის ფერების ასეთ არასტაბილურობას მოაქვს პობლემები უსაფრთხოების კუთხით მთელი რეგიონისთვის. კონფლიქტები არაფერს კარგს არ მოუტანს რუსეთს. არავის მოუგია კონფლიქტებით. მოსახლეობა ლუგანსკში, მოსახლეობა ცხინვალში, მოსახლეობა სოხუმში ცხოვრობს დაუცველ გარემოში და პლუს, ისინი ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ქმნიან დესტაბილიზაციას რუსეთის საზღვრებთან. ამ პოლიტიკაში არ არის არანაირი ლოგიკა”, – განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ კი გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰქონდა მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკაში, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვერ მოხერხდა, რომ გაგრძელებულიყო პრობლემის გადაწყვეტის დღის წესრიგი. “2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო განხილვებში მუდმივად მაღალ დონეზე რომ ყოფილიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ყირიმი და ახლა კიდევ საქართველოს ანექსიის გაგრძელება. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო ძალიან მაღალ დონეზე საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ომის პერიოდში, მაგრამ შემდგომში ის ამოღებულ იქნა და დაიკარგა საერთაშორისო განხილვების დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმდენად პრობლემისადმი რეაგირებაში, რამდენადაც ამ საშუალებების შემდგომ სიმტკიცეში. ამ საკითხის სიმტკიცე გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მოხდეს მისი ამოღება დღის წესრიგიდან. ვფიქრობ, ძალიან მარტივია აუხსნა ეს ისეთ მტკიცე და ერთგულ ერს, როგორიც იაპონელები არიან, რადგან მათ კარგად იციან, რა არის სიმტკიცის ძალა და არა პირველადი დარტყმის და აფეთქების ძალა”, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები