„ჩვენი და აფხაზების ინტერესებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიული პოლიტიკა გვექნება“

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ „რუსეთ-აფხაზეთის“ ხელშეკრულების პროექტს აფხაზეთის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი უწოდა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი და აფხაზი ხალხის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ აგრესიული პოლიტიკა ექნება.
აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზი ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ მათთვის საქართველოსთან ურთიერთობა გაცილებით ხელსაყრელია:
„რუსეთთან ხელშეკრულება აფხაზი ხალხის მიზნებს ნამდვილად არ შეესაბამება. აღნიშნული პროექტი საფრთხეს უქმნის მათ სურვილს, იყვნენ დამოუკიდებელი ერი. მათი რეაქცია ადეკვატურიც იყო, როდესაც აღნიშნეს, რომ ეს ხელშეკრულება მათთვის საფრთხის შემცველია. აფხაზებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენთან ურთიერთობა მათთვის გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე რუსეთთან. ამას როგორ და რა ფორმით გავაკეთებთ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ცოტა ხანში დეტალურად განაცხადებს. საქართველოს ხელისუფლებას აფხაზი ხალხის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიული პოლიტიკა ექნება. აგრესიულ პოლიტიკაში კი ძალისმიერი მეთოდების გამოყენება არ იგულისხმება. ეს არის აგრესიული საინფორმაციო კამპანია და სხვა ქმედებები“,- აღნიშნა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და აფხაზეთი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან. დოკუმენტის პროექტის მიხედვით, რუსეთსა და აფხაზეთს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცე უნდა ჰქონდეთ; კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ; ეკონომიკურ-სოციალური და კულტურული თანამშრომლობა გააძლიერონ და ჰუმანიტარული სივრცის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ისინი კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ითანამშრომლებენ. რუსეთის ფედერაცია ვალდებულებას იღებს, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას საერთაშორისო ასპარეზზეც დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები