ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმება ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ისტორიული მოვლენაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერი ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ იზრდება თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებსა და დარგობრივ სამინისტროებს შორის – უკვე ძალაშია 20 შეთანხმება. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, შეთანხმებას კულტურის დარგში და უვიზო მიმოსვლის შესახებ.
„მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმება ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ისტორიული მოვლენაა, რომელიც ხალხთა შორის კონტაქტს უწყობს ხელს და აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს შემდგომი მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით“, –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის შესახებ და ითქვა, რომ კომისია არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით საერთო მიზნების მიღწევის მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტური მექანიზმი. ისრაელის აბსორბციის მინისტრმა სოფა ლანდვერმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ქართულ–ებრაული მეგობრობის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა გაცილებით საყურადღებოა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. „დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან იუბილეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც იქნება მომავალში. ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფართო სპექტრი გაგვაჩნია. იმედი მაქვს ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა სოფა ლანდვერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები