საქართველო და ლიტვა საგადასახადო საკითხებში ითანამშრომლებენ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ვიზიტად მყოფ ლიტვის საგადასახადო ინსპექციის უფროსს დაიანორას ბრადაუსკასს შეხვდა. ხოლო შემდეგ დაესწრო „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას.
დოკუმენტს ხელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და ლიტვის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა დაიანორას ბრადაუსკასმა მოაწერეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად. ჩვენი ორი ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ პროცესში. ლიტვასთან აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა დაგვეხმარება საგადასახადო კანონმდებლობის ევროპასთან დაახლოებასა და ჰარმონიზაციაში“, – განაცხადა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
შეთანხმებები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ასევე ინფორმაციის გაცვლის გზით გადასახადის თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლას.
„შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ არის საქართველოს მიერ გაფორმებული პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც საგადასახადო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლას მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას.
აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებაზე შეთანხმებას მხარეებმა 2014 წლის მარტში, ლიტვის საგადასახადო ინსპექციის უფროსის თბილისში ვიზიტისას მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები