გივი მიქანაძე: “წინა წელთან შედარებით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გაზრდილია ახლგაზრდების ინტერესი და ვაკანსიების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას”
„საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიიღო შესაბამისი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სტაჟირების სქემა შევიმუშავეთ. ახალი სქემის თანახმად, სტაჟირება ითვლება სტაჟში და არის ანაზღაურებადი. წელს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი კონკურსი გამოვაცხადეთ, რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ახალგაზრდების ინტერესი და ვაკანსიების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას.
მოვუწოდებ დაინტერესებულ ადამიანებს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სტაჟირება გამოცხადებულია 3 147 ვაკანტურ პოზიციაზე და უახლესი მონაცემების თანახმად, განაცხადი შემოტანილი აქვს 18 800-ზე მეტ ადამიანს.
„აქვე, გაგიზიარებთ უშუალოდ განათლების სამინისტროში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას – 200-მდე პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია, როგორც სამინისტროში ასევე რესურსცენტრებში და სსიპებში. გუშინდელი მდგომარეობით, 36 პოზიცია არის ცენტრალურ აპარატში გამოცხადებული და მიღებული გვაქვს 561 განაცხადი. რესურსცენტრებში გამოცხადებულია 62 პოზიცია და მიღებულია 249 განაცხადი. რაც შეეხება სსიპებს, 97 პოზიციაზე 744 განაცხადია შემოსული,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განცხადებით, გასულ წელს პროგრამაში ჩაერთო ბევრი ახალგაზრდა და სტაჟირების შემდეგ მათ დასაქმების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და უნარ-ჩვევების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. გივი მიქანაძის თქმით, ინიციატივა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ახალგაზრდების მოზიდვას და მათ ადგილზე დასაქმებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების შემთხვევაში.