დავით უსუფაშვილი: რუსეთი საქართველოს მთავარ საფრთხედ რჩება

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქართულ-ებრაული მეგობრობის ურთიერთობების აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა და პარალელი ქართულ-ებრაულ მეგობრობასთან გაავლო.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია, დადგეს დრო, როდესაც ქართულ-რუსული ურთიერთობებიც ასეთი ზეიმით და ღიაობით აღინიშნება. „ქართულ-რუსული ურთიერთობებით, სამწუხაროდ, ქართულ-ებრაული ურთიერთობებისგან განსხვავებით, ვერ ვიკვეხნით იმას, რომ თუნდაც ორსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს, იმიტომ რომ ახლო მეზობლებმა ეს ვერ მოვახერხეთ. როგორც ჩანს, ეს საკითხი მომავალი საუკუნეების ამბავია, თუმცა ამ საუკუნის შუაწელშიც შესაძლოა, გამოსწორდეს ურთიერთობები, მაგრამ არა ძალიან მალე და არა ქართველი ერის ბრალით. ვისურვებდი, დადგეს დრო, როდესაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებიც ასეთი ზეიმით და ღიაობით აღინიშნება. ჯერჯერობით ეს ასე არ არის, სამწუხაროდ, რუსეთი რჩება საქართველოს მთავარ საფრთხედ. ყველას უნდა დავანახვოთ, რომ თავმოყვარე ქვეყანა ვართ და ჩვენ ამ საფრთხეს სახელმწიფოებრივი სოლიდური მოქმედებებით უნდა გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები