გივი მიქანაძემ ხონის პირველი საჯარო სკოლა გახსნა
ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. განახლებული შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას, განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრი სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
,,ხონის პირველი საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან 700-ზე მეტ მოსწავლეს უკვე სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში მიიღებს.
ეს არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენთვის ზოგადი განათლების ინფრასტრუქტურის სრულყოფა უმნიშვნელოვანესია, როგორც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ასევე, ბავშვებისა და პედაგოგებისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი, კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით.
ხონის პირველ საჯარო სკოლას აქვს მართლაც გამორჩეული ისტორია და მჯერა, მომავალში აქ არაერთი ღირსეული, წარმატებული მამულიშვილი აღიზრდება,’’- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრთან ერთად სკოლის გახსნაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანმა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად 460 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე, შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი.
შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 7 580 683 ლარია.