ჩინეთიდან 4 ათასამდე „შიშველი ჩინოვნიკი“ გაიქცა
ჩინეთში დღეს გამართული კომუნისტური პარტიის სხდომის მთავარი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და მასთან მიმართებაში კანონის გამკაცრება იყო. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარის პოსტის დაკავებისას, სი ძინპინმა თავის მთავარ ამოცანად ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაისახა მიზნად. გატარებული ღონისძიებების შედეგად უკვე ათეულობით ათასი ჩინოვნიკი აღმოჩნდა ციხეში, ზოგი მათგანი კი იძებნება. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის პარტიულ ხელმძღვანელებს შორის სუიციდის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე საშუალოდ მთელ ქვეყანაში. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინელმა სახელისუფლებო კორუფციონერებმა მეორე გზაც იპოვეს. მათი დიდი ნაწილი უცხოეთში აგზავნის მისთვის ყველაფერ ფასეულს – ოჯახის წევრების ჩათვლით, შედეგად კი დაჭერის შემთხვევაში, მათი დაშინება თუ აღებული ქრთამის უკან დაბრუნება გაცილებით პრობლემური ხდება. საშიშროების წინასწარ გაგების შემთხვევაში „შიშველი ჩინოვნიკები“ გაცილებით იოლად ახერხებენ ემიგრაციაში წასვლას.
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის თანახმად, ხელისუფლების სათავეში სი ძინპინის მოსვლამდე, კერძოდ კი 2011 წელს, ჩინეთიდან 4 ათასამდე „შიშველი ჩინოვნიკი“ გაიქცა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დისციპლინის სამეთვალყურეო ცენტრალური კომისიის ინფორმაციით, საერთო ჯამში ამ პირებმა ქვეყნიდან 50 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი გაიტანეს, საშუალოდ თითოეულმა კი 14 მილიონი აშშ დოლარი წაიღო.