პუტინი და ფიცო ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა,- ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

„ჩვენ ვაფასებთ იმ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი, მთავრობა ატარებს. მას დადებითი შედეგი მოაქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რობერტ ფიცოს თქმით, აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების სტანდარტიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ სამხედროების სამარხების საკითხებში მოსკოვსა და ბრატისლავას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

რუსეთის ლიდერი ჩინეთში 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე იქნება. მან მონაწილეობა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და იქ არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა.

3 სექტემბერს, იაპონიის მილიტარიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად პეკინში მასშტაბური აღლუმი გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი და სხვა ქვეყნების ლიდერები.

როგორც მედია იუწყება, ღონისძიებაში რუსეთის ლიდერი მონაწილეობას მთავარი სტუმრის სტატუსით მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები