ევროპის სახლში პროექტი „საქართველო–იტალია: კულტურული დიალოგი“ გაიმართება

  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხადაჭერით ევროპის სახლში პროექტი „საქართველო–იტალია, კულტურული დიალოგი“ გაიმართება.
გამოფენა 21 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება.
როგორც ორგანიზაოტრები აცხადებენ, პროექტის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იტალიურენოვანი მასალა. წარმოაჩინოს ემიგრანტ მიხეილ თამარაშვილის ისტორია და ის ძალისხმევა, რომელსაც იგი არ იშურებდა იტალიის სხვადასხვა არქივში საქარველოს შესახებ გაფანტული მასალების მოსაძიებლად. განსაკუთრებით საინტერესოა მისი იტალიურენოვანი ეპისტოლარული მემკვიდრეობა – ათას ხუთასამდე წერილი, რომელთა უმეტესობა შეუსწავლელი და უცნობია საზოგადოებისთვის. წერილები მოიცავს მიმოწერას თამარაშვილსა და ცნობილ კარდინალებს, ეპისკოპოსებს, პროფესორებსა და ფოტოგრაფებს შორის.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაწერები, ლექსიკონები (ხელნაწერი/ნაბეჭდი) და 1626 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომლითაც იწყება ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორია. ექსპოზიცია თემატურად გადანაწილდება: თამარაშვილის ცხოვრების ამსახველი მასალა, თამარაშვილის მიმოწერა, მისიონერთა რელაციები, ქრისტეფორე კასტელის კუთხე, იტალიურ-ქართული ხელნაწერები, იტალიურ-ქართული ნაბეჭდი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები.
გამოფენის ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოში იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები