დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენას იწყებენ – Reuters
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ამ კვირაში ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის პროცესს დაიწყებენ, რაც მიზნად ისახავს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეზღუდვების ხელახლა დაწესებას.
ინფორმაცია, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
Reuters-ის ცნობით, სამივე ევროპული ქვეყანა ხვალ, 28 აგვისტოს, სავარაუდოდ, ოფიციალურად მიმართავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი მექანიზმის ამოქმედების თაობაზე.
როგორც მედია აღნიშნავს, გადაწყვეტილება მიიღება შეშფოთების ფონზე, რომ ირანი არღვევს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას (JCPOA) და სწრაფად ავითარებს პროგრამას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებსაც მოემსახუროს.
გაერო-ს სანქციების აღდგენის შემთხვევაში, ირანს დაუბრუნდება იარაღის ემბარგო, ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ფინანსური სანქციების მთელი პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა.
თეირანმა უკვე გააფრთხილა ევროპული ქვეყნები, რომ მსგავსი ნაბიჯი „სერიოზულ შედეგებს“ გამოიწვევს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების აღდგენა „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის რეგიონალურ სტაბილურობას“.
ევროპის სამეულის გადაწყვეტილება მას შემდეგ მომზადდა, რაც ვაშინგტონმა არაერთხელ დაადანაშაულა ირანი შეთანხმების პირობების დარღვევაში და მოუწოდა მოკავშირეებს, ერთობლივი ნაბიჯები გადაედგათ.
დიპლომატების თქმით, პროცესის დაწყების შემდეგ, უშიშროების საბჭოს წევრებს არ ექნებათ ვეტოს უფლება – სანქციების ავტომატური აღდგენა ძალაში დაახლოებით 30 დღეში შევა.