რუბიომ ევროპელ კოლეგებთან უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ევროპელ კოლეგებსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო კონსულტაციები გამართა, რომელთა მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დიპლომატიური მოგვარების პერსპექტივები წარმოადგენდა.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი.
დეპარტამენტის განცხადებით, მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების შესაძლო გზებზე იმსჯელეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ „გარანტიები უნდა იყოს სამართლებრივად სავალდებულო, მრავალმხრივი და ეფექტიანი“, ხოლო უკრაინის არმია კვლავ რჩება ამ გარანტიების ძირითად საფუძვლად.
სიბიგას თქმით, კიევი მზად არის ნებისმიერი ფორმატის ლიდერების შეხვედრისთვის, თუმცა თუ რუსეთი უარს იტყვის კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს მკაცრი სანქციებისა და სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუბიო და მისი ევროპელი პარტნიორები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა „დემოკრატიული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდეს“.