ავსტრალიამ ქვეყნიდან ირანის ელჩი გააძევა
ავსტრალიის ხელისუფლებამ ირანის მთავრობა ორი ანტისემიტური თავდასხმის ორგანიზებასა და დაფინანსებაში დაადანაშაულა.
პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ დაზვერვის გამოძიებამ ირანის რევოლუციური გვარდიის პირდაპირი კავშირი გამოავლინა 2024 წელს მელბურნისა და სიდნიში განხორციელებულ ინციდენტებთან.
ალბანეზის თქმით, ავსტრალიის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ თეირანი „დანაშაულებრივი ქსელების მეშვეობით“ ებრაული ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმებს მხარს უჭერდა. ამის გათვალისწინებით, ირანის ელჩი აჰმად სადეგი და რამდენიმე დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მიეცათ.
„ავსტრალია მკაფიოდ აცხადებს: ჩვენს ტერიტორიაზე ანტისემიტიზმის მხარდაჭერა უცხო ქვეყნის მხრიდან მიუღებელია,“ — აღნიშნა ალბანეზმა.
მთავრობა ასევე ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების საკითხს განიხილავს.
ირანის მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.