დავით ზალკალიანი: დიპლომატიური არხებით საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უარყოფს ვანო მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა მიმდინარეობდა. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ მაჭავარიანს რაიმე საქმიანობა ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს მიღმა, ეს მისთვის უცნობია.
“ჩვენთვის ცნობილი იყო ის საჯარო განცხადებები, რომელიც გაკეთდა იმ პერიოდში. ამის იქეთ საუბარი არ წასულა. მოგეხსენებათ, რომ ვიზიტების ორგანიზება ძალიან სერიოზული საკითხია და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს ჩართული და დიპლომატიური არხების საშუალებით ხორციელდება ყველა საორგანიზაციო საკითხის შეთანხმება. რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა მომხდარიყო შვეიცარიის კონფედერაციის საშუალებით, არანაირი არათუ ნოტა, ოფიციალური წერილიც კი არ გაგვიგზავნია იმის იქეთ, რაც მოგახსენეთ, რომ იყო საჯარო განცხადებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვმუშაობდით ამ ვიზიტზე, თუ ვანო მაჭავარიანს რაიმე საქმიანობა ჰქონდა ამ დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს მიღმა, ეს ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები