“მის მიერ გაჟღერებული ზედაპირული და გადაუმოწმებელი განცხადებებით დასტურდება, რომ მრავალშვილიანთა სტატუსით ირაკლი კუპრაძე მხოლოდ მანიპულირებს პოლიტიკური ხმებისთვის” – მრავალშვილიანი ოჯახების აპოლიტიკური საინიციატივო გაერთიანება

მრავალშვილიანი ოჯახების აპოლიტიკური საინიციატივო გაერთიანება ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბლოკის “ლელო-გახარია” თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე საარჩევნო მანიპულაციით არის დაკავებული.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, საქმე ეხება 20 აგვისტოს, მრავალშვილიანი დედების მცირე ჯგუფთან, სატელევიზიო შეხვედრის ფორმატში გაკეთებულ განცხადებებსა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას.

“პოლიტიკოსისგან, რომელიც საარჩევნო კამპანიამდე არასდროს დაინტერესებულა, წარმოდგენა არ აქვს მრავალშვილიანთა წინაშე მდგარი გამოწვევების, არსებული პრობლემებისა და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ, მიუღებელია მრავალშვილიანი ოჯახების მგრძნობიარე თემები აქციოს საარჩევნო კამპანიის ინსტრუმენტად, მის მიერ გაჟღერებული ზედაპირული და გადაუმოწმებელი განცხადებებით დასტურდება, რომ მრავალშვილიანთა სტატუსით ირაკლი კუპრაძე მხოლოდ მანიპულირებს პოლიტიკური ხმებისთვის!

– ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “სახელმწიფოს არ აქვს სტატისტიკა და არც აინტერესებს მონაცემები მრავალშვილიან ოჯახებზე”.

ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იუსტიციის სამინისტროსთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით უკვე დადგენილია მრავალშვილიანის სტატუსის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა, როგორც ქვეყნის, ისე ქალაქების დონეზე და სახელმწიფო აწარმოებს შესაბამის რეესტრებს.

– ირაკლი კუპრაძემ გასცა დაპირება, რომ “მრავალშვილიანი ოჯახების შვილები მიიღებენ უფასო კვებასა და სხვადასხვა უფასო მომსახურებებს” და ამავდროულად აღიარებს რომ მას წარმოდგენა არ აქვს რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია და რა ბიუჯეტს საჭიროებს საარჩევნო დაპირება, ესეც პოლიტიკური შოუს ნაწილია.

– ირაკლი კუპრაძემ გააჟღერა, რომ მისი ახალი ინიციატივის ფარგლებში “მრავალშვილიანობის სტატუსი განისაზღვრება მესამე ბავშვიდან”, მაგრამ ეს ინიციატივა უკვე მაისის თვიდან წარდგენილია ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრთან, დემოგრაფიულ საბჭოსთან და საპატრიარქოში, მუნიციპალიტეტების კომპეტენციის ფარგლებში კი ინიციატივები თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტებში რეგიონების დონეზე.

ჩვენ მიერ ნახსენები თითოეული ინიციატივის წარდგენა დასტურდება ოფიციალური წერილებით, სატელევიზიო, რადიო ინტერვიუებითა და სოციალური ქსელებით.

და ბოლოს, აქვე გვსურს, ხაზი გავუსვათ:

ჩვენ ვართ, მრავალშვილიანი ოჯახების აპოლიტიკური საინიციატივო გაერთიანება, ჩვენი მოხალისეობრივი, უწყვეტი შრომით უკანასკნელი 5 წლის მანძილზე

ვიკვლევთ მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებებს, ხოლო ანალიზისა და კონსტრუქციული თანამშრომლობით ვაინიცირებთ საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და მრავალშვილიანების მხარდამჭერ ახალ პროგრამებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან.

ჩვენი ინიციატივების ნაწილი მხარდაჭერილ იქნა და რეალიზდა პრაქტიკულად, კერძოდ მუნიციპალურ აუზებზე 2025 წლიდან ამოქმედდა 40% შეღავათები მრავალშვილიანებისთვის; მოქმედებს სტუდენტების დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში, მეწარმე მრავალშვილიანი დედებისთვის ხელნაკეთი ნივთების გამოფენისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

ამასთან, მოლაპარაკებების პროცესშია და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი 20 -მდე წარდგენილ ინიციატივაზე, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე.

ინიციატივები შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, სოციალური მხარდაჭერის პროექტებს, მათ შორის სპორტის, განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და საგადასახადო მიმართულებით რეალურად განხორციელებად წინადადებებს. ამასთან, მრავალშვილიანი დედისთვის “გმირი დედის” წოდების მინიჭების ინიციირება, რითაც სახელმწიფო შექმნის დემოგრაფიული მოტივირების საფუძველს და გამოხატავს პატივისცემას.

ყველა პოლიტიკურ აქტორს, მივმართავთ თხოვნით, დაუსაბუთებელი, ზედაპირული და პოპულისტური საარჩევნო განცხადებებით ხელს ნუ შეუშლით კონსტრუქციულ პროცესებსა და ინიციირებული საკითხების შედეგებამდე მიყვანას!

მრავალშვილიანობა ქვეყნის საყრდენია!”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

განცხადებას ავრცელებენ სოციალური ჯგუფის “მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა” დამფუძნებელი ხათუნა ფიფია; მოძრაობის “მრავალშვილიანები, საქართველო” დამფუძნებელი და პარტნიორი სოციალური ჯგუფის “მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა”, ირმა გელანტია-ახვლედიანი; საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი, 7 შვილის მამა და სოციალური ჯგუფის “მრავალშვილიანი მამები” დამფუძნებელი არჩილ გოგებაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები