გიორგი ჩაკვეტაძე: ვიზალიბერალიზაცია თუკი გადის იმ სიკეთეებზე, რომლითაც ვიცავთ ოჯახურ ღირებულებებს, გამჭვირვალობას, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და თითოეულ ამ კანონმდებლობას დავიცავთ
,,ვიზალიბერალიზაცია თუკი გადის იმ სიკეთეებზე, რომლითაც ვიცავთ ოჯახურ ღირებულებებს, გამჭვირვალობას, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და თითოეულ ამ კანონმდებლობას დავიცავთ”,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რათა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულ არ იქნეს.
„ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკომისიამ წამოგვიყენა ჩვენთვის მიუღებელია. ამ სამარცხვინო რვა პუნქტისგან განსაკუთრებით სამარცხვინო ორი პუნქტია, რომლებიც შეეხება ოჯახური ღირებულების კანონის გაუქმებას და გამჭვირვალობის კანონის, „ფარას“ ქართული ანალოგის გაუქმებას. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ევროინტეგრაციის გზა, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია გადის ამ სიკეთეებზე გადის, რომლითაც ჩვენ ვიცავთ ოჯახურ ღირებულებებსა და გამჭვირვალობას, მივიღებთ გადაწყვეტილებას და დავიცავთ თითოეულ ამ კანონმდებლობას. მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების დაცვა მავნე ზეგავლენისგან, სკოლებში და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ფიზიკურად შეუძლებელია ამ ყველაფერზე გადიოდეს უვიზო მიმოსვლის საკითხი. თუ კი მაინც მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გაგრძელდება ჩვენი მხრიდან საპასუხო განცხადებები გავრცელდება და ჩვენს საზოგადოებასთან კომუნიკაცია გვექნება. ის მონაპოვარი, რაც გულისხმობს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, თავისუფალ ვაჭრობას და სხვადასხვა ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს, ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას ვაპირებთ. შეუძლებელია, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეკლარაციის შევსება გადიოდეს უვიზო მოსვლაზე. ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.
გვჯერა, რომ ის უსაფუძვლო შეფასებები, რომლებიც ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს ლიდერის თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ხორციელდება საქართველოს მისამართით, ეს შეიცვლება. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ეკონომიკურად გავძლიერდებით, იმ რეფორმებს გავაგრძელებთ, რომლებიც დაწყებული გვაქვს. შესაბამისად, შეუქცევადია ჩვენი ევროკავშირი ინტეგრაცია. ეს „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში. ასე რომ, როდესაც უსაფუძვლო შეფასებები კეთდება, სამარცხვინო პუნქტები და მოთხოვნები მოდის საქართველოს მისამართით, ჩვენ მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მთავარია გასაკეთებელი, – ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ მიიღონ. ჩვენ ჩვენი მხრიდან აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ თითქოს ჩვენ უნდა გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის კანონი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების არ მიიღებენ“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.