მედია: რუსეთის მხარდაჭერის გამო, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

მას შემდეგ, რაც ბრიუსელში ოფიციალურად გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის ომის ფონზე პეკინის მიერ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაღრმავებაზე, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს განიხილავს.

როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სააგენტო „როიტერმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი რუსეთს საიდუმლოდ აწვდის დრონების ძრავებს.

ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, საუბარია კონკრეტულ ჩინურ კომპანიებსა და ინსტიტუტებზე, რომლებიც, ევროკავშირის მონაცემებით, პირდაპირ ან ირიბად ეხმარებიან რუსეთს ომის წარმოებაში — მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიებით, ორმაგი დანიშნულების საქონლით ან ფინანსური საშუალებებით.

„არ ვართ დაინტერესებული ურთიერთობების ესკალაციით, მაგრამ როცა საქმე ეხება საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე თანამონაწილეობას, ევროკავშირი ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს”,- განაცხადა ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.

სავარაუდო სანქციები, შესაძლოა, მოიცავდეს სავაჭრო შეზღუდვებს, გაყინულ აქტივებს და ტექნოლოგიურ ემბარგოს იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინის კონფლიქტში რუსეთის ხელშეწყობაში თვლის დამნაშავედ.

პეკინი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთი იცავს ნეიტრალიტეტს და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ოფიციალური პეკინი ევროკავშირის შესაძლო სანქციებს „მტრულ და უპასუხისმგებლო ნაბიჯად“ აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები