კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა, მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში X-XI საუკუნეებით დათარიღებული აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილია, რომ 1283 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილება მთლიანად დაინგრა. ტაძარი XV საუკუნის ბოლოს ადგილობრივ მთავრებს, ჯაყელებს აღუდგენიათ, თუმცა ტაძარი კვლავ დაინგრა და ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია.
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მეორედ აღდგენის პროცესი 2016 წელს „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის“ (ფონდი ,,ქართუ“) დაფინანსებით დაიწყო და 2020 წელს გუმბათის ყელის ძირამდე აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა.
ტაძრის ტერიტორიაზე მოძიებული მატერიალური მტკიცებულებებისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული კომპოზიციური ანალიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათი ტაო-კლარჯეთის ძეგლების, კერძოდ, იშხნისა და ხახულის ტაძრების გუმბათის ტიპის უნდა ყოფილიყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ტაძარზე სწორედ ამგვარი გუმბათი აღიმართა.
დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია ტაძარზე ჯვრის აღმართვა, ლორფინის გადახურვისა და ქვის იატაკის მოწყობა.