გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩზე: უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ იმაში გამოიხატება, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან გარიგებაში ხარ, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მას პოლიტიკურად უჭერ მხარს

,,უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ იმაში გამოიხატება, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან გარიგებაში ხარ, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, გერმანიის ელჩზე საუბრისას აღნიშნა. კერძოდ, საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებას.

ვოლსკის თქმით, ყველა შემთხვევაში პოლიტიკური ასპექტი იკვეთება.

„გერმანიის ელჩი აძლევს თუ არა ინფორმაციას ბერლინს იმასთან დაკავშირებით, რამდენი უჯდება შენობის ქირაობა და ასევე, ემთხვევა თუ არა ეს თანხა აქ, საქართველოში გამოქვეყნებულ დოკუმენტებს? აბსოლუტურად არ არის ცნობილი. ამ შემოსავლიდან ხაზარაძის ოჯახი იხდის თუ არა სახელმწიფოს ბიუჯეტში უცნობია, ბნელითაა მოცული. მაგრამ, რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში იკვეთება პოლიტიკური ასპექტი, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ელჩის საქმიანობასთან კონკრეტულ ქვეყანაში. ანუ, უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან გარიგებაში ხარ, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები