ღაზის სექტორში განხორციელებული ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედიკოსები იუწყებიან, გარდაცვლილთა შორის 17 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდა.
მედიის ცნობით, ოპერაცია განხორციელდა რაფაჰის სიახლოვეს, სადაც ისრაელის ძალებმა, ოფიციალური განცხადებით, “ჰამასის” პოზიციებზე მიიტანეს იერიში. თუმცა, პალესტინური მხარის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ადგილას, სადაც მოქალაქეები საკვებისა და ჰუმანიტარული ტვირთის მისაღებად იყვნენ შეკრებილნი.
გავრცელებული ცნობით, ღაზის სექტორის საავადმყოფოებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების შედეგად ექვსი ახალი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მხარეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.
გაერო-ს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 60 800-ს გადააჭარბა. დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, დაღუპულთა რეალური რიცხვი, მათ შორის ტრავმული სიკვდილიანობისა და ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად, შესაძლოა 80–90 ათასს აღემატებოდეს.