ეკვადორში, ქალაქ ქუენკაში გამართული ტრადიციული რბოლის — Carrera de Coches de Madera-ის დროს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთმა მონაწილემ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მაყურებლების ჯგუფთან შევარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა.
როგორც ალბანური გამოცემა Telegrafi იუწყება, დაშავებულთა შორის რამდენიმე ბავშვია. ზოგიერთ მათგანს მძიმე ტრავმები აქვს და ადგილობრივ კლინიკებში გადის მკურნალობას.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.
ორგანიზატორებმა ღონისძიება შეწყვიტეს, ხოლო სამართალდამცავებმა ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი პროფესიონალი არ იყო და შემთხვევა, შესაძლოა, გადაჭარბებული სიჩქარისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის ფონზე მოხდა.
რბოლა 2 აგვისტოს განახლდება და გლოვის ნიშნად სარბოლო მანქანებზე შავი ლენტები იქნება დამაგრებული.
ტრადიციული რბოლა Carrera de Coches de Madera ქუენკაში ყოველწლიურად იმართება და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილობრივ ღონისძიებად ითვლება.