კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა მოინახულა კუმურდოს გუმბათიანი ეკლესია და საღამოში მდებარე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა მოადგილე პაატა გაფრინდაშვილსა და მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის ხელმძღვანელ ლელა ბარამაშვილთან ერთად მოინახულა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმურდოში მდებარე გუმბათიანი ეკლესია და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.

X-XI საუკუნის ტაძრის რეაბილიტაციის შემდეგ ეტაპზე, სპეციალისტების მონაწილეობით შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდგომ, დაგეგმილია მორღვეული გუმბათის სრულად აღდგენა, ინტერიერისა და ექსტერიერის კონსერვაცია-რესტავრაცია, ტაძრის იატაკის დაგება.

თეა ონიანი სოფელ საღამოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში 2023 წელს განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავდა საყრდენი კედლების გამაგრებასა და ღობის ამოყვანას, ქვაფენილისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობას; პროექტის შესაბამისად, ტაძრის ქვებს შორის სივრცე ამოივსო და ამოიგოზა შესაბამისი ხსნარებით; შეიმინა ტაძრის სარკმლები.
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მონასტერში მოღვაწე დედებთან ერთად ტაძრის წინაშე არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილა.