ბაჩუკი ქარდავა ზურაბ აბაშიძეს შეხვედრას სთავაზობს
“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მიმართავს.
ქარდავა მზადყოფნას გამოხატავს, შეხვდეს აბაშიძეს და განუმარტოს, თუ რატომ არის აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის წინააღმდეგი.
როგორც “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვედზე წერს, მას შეუძლია, მინიმიმ 9-10 პუნქტი მაინც ჩამოთვალოს,თუ რატომ უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობა.
„ბატონო ზურაბ, დიდი მოკრძალებით, მე მზად ვარ, შემოგთავაზოთ თქვენთვის მისაღებ დროსა და ადგილზე, შეგვხვდეთ და აგიხსნათ, თუ რატომ ვიყავი დღიდან ამ ფორმატის გაჩენისა, მისი აქტიური მოწინააღმდეგე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან საქართვლოს გავლით გზების მშენებლობის ბუმია, რომელიც აშკარად რაღაც ახალი სიავის მომასწავებელია; როცა აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, უკვე მისი ანექსიის პროცესიც დაიწყო, რაც რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან სამხედრო კავშირის გაფორმებით დაანონსდა, ჩემდა გასაოცრად, ადამიანისგან, რომლის დიპლომატიურ პროფესიონალიზმში ეჭვი არასოდეს შემიტანია, ცოტა უცნაური, რიტორიკული შეკითხვა მოვისმინე: ერთი, რომ ის კარასინ-აბაშიძის ფორმატს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების ლამის უალტერნატივო ფორმატად აფასებს, მესმის ეს მისი პოზიციაა, თუმცა მე სხვა აზრი მაქვს, და მეორე, ვციტრებ მის სიტყვებს: ,,ამ ფორმატის გადახედვის აუცილებლობას თუ ვინმე ამიხსნის, რა ლოგიკა დევს ამაში, მე ძაან მადლობელი ვიქნები“.
ბატონო ზურაბ, მომიტევეთ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ,,ფეისბუქი“ ნამდვილად იძლევა ოპერატიული კომინიკაციის საშუალებას და ამიტომაც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, რომ თქვენს საჯარო შეკითხვაზე კომუნიკაციის ამ საშუალებით რეაგირება მომეხდინა. მე მზად ვარ, შემოგთავაზოთ, თქვენთვის მისაღებ დროსა და ადგილზე, შეგვხვდეთ და აგიხსნათ, თუ რატომ ვიყავი დღიდან ამ ფორმატის გაჩენისა, მისი აქტიური მოწინააღმდეგე. თუმცა დღეს ნამდვილად აღარ მეგონა რაიმე კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით კიდევ თუ იყო დარჩენილი. არც აქ იქნებოდა რთული, გამეკეთებინა ამ ფორმატის არათუ უალტერნატივობის, არამედ მისი მავნებლობის არგუმენტების ჩამონათვალი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი დეტალით შემოვიფარგლები: აღვნიშნავ რა, რომ მართლაც უნდა არსებობდეს ქვეყნებს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის პირობებში, რაიმე სახის კომუნკაციის საშუალება, მაგრამ არა ისეთი საერთაშორისო ფორმატი, რომელმაც საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ,,და ა.შ.“-ის წინ აღმოაჩინა და ალბათ, მალე იქიდანაც გამოვრჩებით. აი, აქედან დავიწყებ ახსნას, და როგორც მინიმიმ 9-10 პუნქტი მაინც შემიძლია ჩამოგითვალოთ, თუ რატომ უნდა შეწყდეს ამ ფორმატის არსებობა და რა სიკეთე შეიძლება მოგვიტანოს, (იმედია, ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული), მასზე საქართველოს მხრიდან დემონსტრაციულად უარის თქმამ. ბატონო ზურაბ, თუ მერგება იმის პატივი, რომ პირადად შეგხვდეთ და გესაუბროთ ამ თემაზე, ხომ კარგი, თუ არადა აუცილებლად გამოვიყენებ სხვა საინფორმაციო პრაქტიკას იმისათვის, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატის ,,გადახედვის აუცილებლობის ლოგიკა“ ავხსნა“, – წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.