91 წლის ასაკში ცისანა ქოჩეჩაშვილი გარდაიცვალა
91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცისანა ქოჩეჩაშვილი. ინფორმაციას, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. ცისანა ქოჩეჩაშვილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ხელმძღვანელობდა 1981 – 2003 წლებში.
ამ პერიოდში ფოლკლორის ცენტრს ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი ეწოდებოდა.
„ქალბატონი ცისანა იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ფოლკლორისტისა და პედაგოგის მელიტონ კელენჯერიძის შვილიშვილი და მთელი ცხოვრების მანძილზე ღირსეულად აგრძელებდა დიდი წინაპრის მიერ დაწყებულ საქმეს.
ქალბატონი ცისანას შეუპოვრობით 90-იან წლებში, არათუ გაჩერდა ორგანიზაციის საქმიანობა, არამედ, პირიქით – შენარჩუნდა და სწორედ ამ წლებში გამოიცა ქართული გალობის პირველი სანოტო კრებული. ეს იყო ქართული გალობის საუკუნოვანი დევნის შემდეგ პირველი გამოცემა.
ასევე, ამ პერიოდს უკავშირდება აკვნის ნანების გამოცემა, Ნინო კალანდაძის ავტორობით, რომელიც ერთადერთი მსგავსი შინაარსის სანოტო კრებულია დღემდე.
ფოლკლორის ცენტრის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ფოლკლორის სფეროს გულშემატკივრებს“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.