ლევან მახაშვილი: ვხედავთ თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით – კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ თბილისის მერობის კანდიდატურაზე
„ჩვენ ვხედავთ ორ წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნებაა გუნდში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატურაზე მის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ოპოზიციამ სპეკულაციის საგნად აქცია.
მახაშვილის თქმით, კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს.
„იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეში მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო.
ამიტომ, ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და გადაწყვეტილებას, სადაც იგი ამჯერად ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ, იგი არის ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატურაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ, არ ვუსწრებთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, სადაც იგი უკვე ფორმალურად იქნება წარდგენილი“.-განაცხადა მახაშვილმა.