პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ბრიფინგი გამართა

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგი არის კომუნიკაციის არხი რუსეთთან, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აბაშიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის ფორმატი ამას არ ითვალისწინებს, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების შესაძლო გაფორმება.
„ავუხსენი რუს კოლეგას, რა საფრთხეებს ვხედავთ აღნიშნულ ინიციატივაში და რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია პროცესების ასე განვითარება. იყო მწვავე დისკუსია და საბოლოოდ, ჩვენ დავრჩით სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე, რაც მოსალოდნელი იყო”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განმარტა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის დატვირთვა და განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის წარმომადგენლებთან ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე მსჯელობის საშუალება, როგორიც არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.
„მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს კომუნიკაცია რუსეთთან. მათ შორის უკრაინასაც, რომელსაც ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გაუწყვეტია. ჩვენ ამ ეტაპზე ამ ფორმატის მნიშვნელობას ვუყურებთ ასე – ეს არის კომუნიკაციის არხი, რუსეთთან. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები