ლუკაშენკომ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მიზეზებზე ისაუბრა

  ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების მიზეზებზე ისაუბრა. ოფიციალური მინსკის მხრიდან 2 დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ რუსეთმა კომპენსაციების გადახდაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსული რეგიონული პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე არსად მითქვამს – „ვაღიარებთ – არ ვაღიარებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, ის სერგეი ბაღაფშს სისტემატიურად ხვდება და მასთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. შეხვედრები სოჭში იმართება, სადაც ბელორუსიის პრეზიდენტს რეზიდენცია აქვს. ლუკაშენკოს სიტყვებიდან გამომდინარე, ბელორუსიის ლიდერის და რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შორის ვაჭრობა შედგა. დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების სანაცვლოდ რუსეთის მხრიდან მინსკისთვის კომპენსაციის გადახდაზე იყო საუბარი.
„ჩვენ – პირადად მე, იმდროინდელ პრეზიდენტ მედვედევს მაგიდაზე სია დავუდეთ: თუ ჩვენ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს – მოხდება ეს. როგორ დაგვეხმარებით?“, – განაცხადა ლუკაშენკომ. ამ სიტყვებზე საპასუხოდ კი მედვედევმა თქვა: „შენ ისევ ვაჭრობას იწყებ!“
რუსული რეგიონული პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ბელორუსიასთვის სერიოზული შედეგების მომტანი იქნებოდა. ლუკაშენკომ ნატოს იმდროინდელ გენერალურ მდივანთან ხავიერ სოლანასთან ამ თემაზე გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა. ლუკაშენკოს განცხადებით, სოლანა ბელორუსიის, როგორც სახელმწიფოს განადგურებით იმუქრებოდა. რაც შეეხება რუსეთის კომპენსაციებს, მედვედევმა მინსკის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოსკოვთან გარიგება ჩაიშალა.
ლუკაშენკოს განცხადებით, იმან, რომ ბელორუსიამ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ ბრძანებას ხელი არ მოაწერა, ბელორუსია სანქციებისგან გადაარჩინა.
გარდა ამისა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დასძინა, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ ის ყირიმში „სამთავრობო დონეზე“ შეხვედრებზე ჩადიოდა მაშინ, როდესაც რუს ბიზნესმენებს და ჩინოვნიკებს სიტყვა „ყირიმის“ წარმოთქმისაც კი ეშინოდათ. ლუკაშენკოს განცხადებით, მან ყირიმის რესპუბლიკის ხელმძრვანელის მამისგან სერგეი აქსიონოვისგან წერილი თხოვნებით მიიღო, რის შემდეგ ყირიმში, სადაც რთული სიტუაციაა შექმნილი „ტრაქტორებს აგზავნიდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები