ნათია ფანჯიკიძე: შევქმნათ სიყვარულის ბაღი
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე ბოლო დროს გახშირებულ ოჯახური ძალადობის ფაქტებს ეხმაურება. ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ გახშირებული თვითმკვლელობები და მკვლელობების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა „სიყვარულის ბაღის“ გაშენება, სადაც ადამიანები დადებითი ემოციებით დაიტვირთებიან და მათში აგრესიას ჩააცხრობს. ნათია ფანჯიკიძე სიყვარულის ატმოსფეროს შექმნის ინიციატივით გამოდის.
„მეგობრებო, კარგებო, ოქროებო, 43 წლის გავხდი და ძალიან მინდა დღეს მხოლოდ სიცოცხლეზე ვილაპარაკო, მაგრამ ორი სიტყვით ცოლების მიმართ აგრესიის ტენდენციაზე მეც ვიტყვი რამეს… გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს კოპირების ტენდენციას, შეკავებული ფარული აზრის გააქტიურებას სხვის მაგალითზე და ქმედებად ქცევას, როცა მკვლელობაც და თვითმკვლელობაც შეიძლება ტალღად იქცეს და ყოველი მკვლელი ან თვითმკვლელი ნაცნობი, ახლობელია სხვა თვითმკვლელის, მკვლელის, ან შთამბეჭდავად ინფორმირებული მსგავსი ქმედების შესახებ… ის, რომ ადამიანს აქვს მიმბაძველობის ინსტინქტი, დაშვებულობის განცდის შეძენისას ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს ტენდენციად… ის, რომ იგივე დარჩა სოციალური პრობლემები, ცუდი კვება, ამის გამო ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში, ემოციური სტრუქტურის ლაბილურობა, იმპულსის ვერ მართვა, ათასგვარი არანამკურნალები აშლილობა…… მოკლედ, საყვარლებო, სულელი არ ვარ, როცა ვლაპარაკობ სიყვარულის ბაღზე, დადებითი სტიმულების კულტივირებაზე, აგრესიის მართვის, ტელეეკრანებიდან თუ პრესიდან, ოჯახში თუ საზოგადოებაში ნერვიული ატმოსფეროს შემცირების სტრატეგიაზე, რაშიც ყველა უნდა იყოს გააზრებულად ჩაბმული. ავარიდოთ ერთმანეთს ფსიქიკური ტოქსინები, შევქმნათ სიყვარულის ატმოსფერო, ავყვავდებით, გავთბებით, შრომის ენერგიაც უკეთესი გვექნება, იდეებიც, შემოქმედებითი უნარებიც გააქტიურდება. ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ოჯახიდან დაწყებული ეკლესიით გაგრძელებული და ყოველი მოქალაქის სწრაფვით დასრულებული. მჯერა, რომ გამოგვივა, როდესმე მაინც“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.