„ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიას არ შეეგუება“

 „საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო განცხადება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიას არ შეეგუება“ ,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელმა გიორგი ბუკიამ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
უმრავლესობის გარდა აფხაზეთ – რუსეთს შორის თანამშრომლობის დოკუმენტის შესახებ საკუთარი განცხადება საპარლამენტო უმცირესობამაც მოამზადა, თუმცა, როგორც ბუკიამ აღნიშნა, უმცირესობისა და უმრავლესობის რეზოლუციების შეჯერება ვერ მოხერხდა.
„უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციების შეჯერება ვერ მოხერხდა, ვინაიდან აბსოლუტურად განსხვავდებოდა ის რისტორიკა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში ჰქონდა, იმ პრობლემისგან, რაც გვაქვს. საუბარი შეეხებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკას და გამოდიოდა არსებული ხელისუფლების წყევლა და არა ის, რა პრობლემაც გვაქვს და რასაც რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის გაგრძელება ჰქვია, რომელიც მთელ საქართველოს აწუხებს და რომლის გამოც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია. ჩვენ მივიღეთ ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ  აქტიურად ჩაერიონ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში, რათა რუსეთს თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებაში ხელი შეუშალოს“,- განაცხადა გიორგი ბუკიამ.
ბუკია პრემიერ – მინისტრის მიერ აფხაზეთის „თვითგამორკვევასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ჩვენ დაგვავიწყდა, რომ აფხაზეთში ქართულ ენასთან ერთად აღიარებული იყო აფხაზური ენაც. ჩვენი აფხაზი ძმები, საქართველოში ქართველებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში ერთად ინარჩუნებდნენ საქართველოს მთლიანობას. სხვა თემაა ის სეპარატისტული მოძრაობა, რაც რუსეთის მხრიდან იყო ხელშეწყობილი. იმ ადამიანებს და იმ ეთნოსს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მას აქვს საკუთარი კულტურა და თვითმყოფადობა გააჩნია, აუცილებელია საქართველოს მთლიანობაში მათი ჩართვა. ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ პრემიერის განცხადებაში. ჩვენ უნდა შევუქმნათ ჩვენს მოძმე აფხაზებს სურვილი იმისა, რომ ჩვენთან ერთად გააგრძელონ განვითარება “, – განაცხადა გიორგი ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები