“ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია” – რობინ დანიგანი
“ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„გამარჯობა, საქართველო. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემო 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებული ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია. ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩომ 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს.