პრემიერი ხვალ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის შემდეგ თათბირსაც გამართავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ ხვალ, 12:00 სათზე, გაფართოებულ თათბირსაც გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თათბირზე, რომელიც საგარეო პოლიტიკური საკითხის განხილვას დაეთმობა, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად უცხოეთში აკრედიტებული ელჩებიც არიან მიწვეული.
თათბირს დაესწრებიან პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.
გაფართოებულ თათბირამდე ხვალ, 10:00 საათზე პრემიერი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომას გამართავს.