ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშე ვეტერანთა ჰოსპიტალს ესტუმრა
ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ტუ ციაოს, მის მოადგილეს, ჭი ჭენგმინს და საელჩოს წარმომადგენლებს — ლიუ ძუნს და ჩენ ძიანანს ვეტერანთა ჰოსპიტალში უმასპინძლეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სტუმრები გაეცნენ ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს საპროცედურო და სადიაგნოსტიკო ოთახები, ასევე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის საჩუქრად გადაცემული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მობილური კლინიკა. ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს დეტალურად გააცნო კლინიკის მუშაობის სპეციფიკა და ის სამედიცინო სერვისები, რომლებსაც ჰოსპიტალი ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უსასყიდლოდ სთავაზობს.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრები დაინტერესდნენ, რა ტიპის სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის დამატება არის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჰოსპიტლისთვის და შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.
ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა ახალ მისამართზე ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კედიას ქუჩაზე მდებარე ფართის გადაცემის შემდეგ. თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ასევე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს და ვეტერანებს ყოველდღიურად უსასყიდლოდ ემსახურება. სტაციონარში ყოველდღიურად 80-დან 110 ბენეფიციარამდე იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.