ირაკლი კობახიძე: ნარკორეალიზატორების დაკავება, ფსიქოტროპულების იმპორტის აკრძალვა კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი თერაპიის პრაქტიკის დახვეწა, ნარკოტიკების ამოღების მასშტაბები – ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას, ამ სენს მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ
იგივე ადამიანები აწარმოებენ ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაციას, ვინც ჩვენ დემოკრატიის უკუსვლაში გვედავებიან, განსაკუთრებით, მარიხუანის და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველა ნარკოტიკი არის ერთნაირად დამაზიანებელი ადამიანის ფსიქიკისთვის და ფიზიკური მდგომარეობისთვის.
„რაც შეეხება ნარკოტიკების პოპულარიზაციას და კამპანიებს, ახლაც კი სოციალურ მედიაში წარმოებს კამპანიები, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკოსებიც კი არიან ჩართულები, „ენჯეოშნიკები“, ამ აქციის მონაწილეები, ზუსტად იგივე ადამიანები, ვინც ჩვენ დემოკრატიის უკუსვლაში გვედავებიან. იგივე ადამიანები აწარმოებენ ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაციას. განსაკუთრებით, მარიხუანის და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ნარკოტიკი არის ერთნაირად დამაზიანებელი ადამიანის ფსიქიკისთვის და ფიზიკური მდგომარეობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პოპულარიზაცია კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება მომხმარებელთა მიმართ დამოკიდებულებას – ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სრულიად ჯანსაღი და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ნარკოდამოკიდებული ადამიანების განკურნება. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამ კუთხით რეპრესიული პოლიტიკა, არამედ, განკურნება უნდა იყოს მთავარი მიზანი და ამოცანა. რაც შეეხება რეალიზატორებს, აქ სახელმწიფო უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო. თქვენ უკვე ნახეთ ის მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა. მსხვილი ნარკორეალიზატორები იქნენ დაკავებულები, 18 ნარკორეალიზატორი ქვეყნის მასშტაბით. ამ მიმართულებით გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 300 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, რომლის ფასი დანიშნულების ადგილზე იყო 300 მილიონი ევრო. ძალიან ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და გადაიდგმება მომავალშიც“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი იყო მთავრობის გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით.
„მთლიანად ავკრძალეთ კერძო იმპორტი და გამკაცრდება კონტროლი აფთიაქებზე და რეცეპტების გამოწერის პრაქტიკაზე. ჩვენ მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით სტატისტიკას და საზოგადოებასაც მუდმივ რეჟიმში წარვუდგენთ სტატისტიკას. სტატისტიკის შემცირება არის ერთადერთი ინდიკატორი იმისა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აღარ იქნება გამოყენებული არადანიშნულებისამებრ, ანუ ნარკოტიკული თრობის დანიშნულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით.
„აქაც სახელმწიფო აიღებს მთლიანად თავის თავზე ამ სერვისს. თვითონ პრაქტიკა გაუმჯობესდება. თავიდან ბოლომდე პაციენტის განკურნებაზე იქნება ორიენტირებული ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება. თუ ხედავს სახელმწიფო, რომ კონკრეტული პაციენტი არ არის ორიენტირებული განკურნებაზე და ის მოიხმარს ნარკოტიკს, ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვეში მთავრობის ნაბიჯები საზოგადოებისთვის ხელშესახები იქნება.
„რეალიზატორების დაკავება, ფსიქოტროპულების იმპორტის აკრძალვა კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი თერაპიის პრაქტიკის დახვეწა, ამოღების მასშტაბები – ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული სენი, რომელიც სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში და ამას მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ. უკვე არის შედეგები სახეზე, მაგრამ ძალიან ხელშესახები იქნება რამდენიმე თვეში ჩვენი ნაბიჯები საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.