პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეი დი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს განაპირობა მათი მხრიდან მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“, რობინ დანიგანის გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მტრობის თანამონაწილე იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ეს უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა ელჩმა ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას.

„4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და როდესაც ბატონი ჯეი დი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებზე, მისი ადრესატი იყო, სწორედ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ოთხ რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში – ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეი დი ვენსის სიტყვები მიმართული იყო, სწორედ, ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ეს, მგონი, ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა, მან სცადა სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეი დი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი მანიპულაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები