ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის ნებას ვერ ეგუება შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები არავისთვის არის საინტერესო.
„ქვეყნის შიგნით ვინ ვერ ეგუება ქართველი ხალხის ნებას, ეს ცხადი და გასაგებია. ეს არის შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები საერთოდ არავისთვის არის საინტერესო. ისინი არიან ჩვეულებრივი ხელის ბიჭები, გარედან მართული ადამიანები. რაც შეეხება გარე სუბიექტებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ასევე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციაში მრავლად იყვნენ ბიუროკრატები, რომლებიც ასევე ვერ ეგუებოდნენ ქართველი ხალხის ნებას. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მიმართულებით იქნება გარკვეული ცვლილებები, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, აქ მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ ჩანს, ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და იმედია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება ევროპის მიმართულებითაც. ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება. წინასწარ ჰქონდათ გამოხატული ნება ევროპელ ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ადამიანებს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და მოუწოდებდა ამომრჩეველს მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის არჩევნების შემდეგ ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ყველაფერი ვითარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.