ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხის მიერ დაფიქსირებული პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის, თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, ის დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში

ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პოზიცია არის ქვეყნის შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი და ვინც ამას ვერ შეეგუება, სწორედ, ქართველ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდება.

„რაც მოხდა, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რეალურად, ვერც ამბობდნენ, როგორ გაყალბდა არჩევნები, ხომ ამტკიცებდნენ არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ კითხვაზე – როგორ გაყალბდა, პასუხი არ აქვთ. რომ ამოიბეჭდა ღილაკზე თითის მიჭერით კონკრეტული ოქმები, იქ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო? – რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. არჩევნების დღემდე უპრეცედენტოდ მშვიდი და სამართლიანი იყო საარჩევნო გარემო. არჩევნების დღეს, ყველამ აღიარა, რომ 2 მლნ-ზე ბევრად მეტი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, მათ მისცეს ხმა, ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა ოქმები და დადგა ის შედეგი, რომელიც არ ესიამოვნა კონკრეტულ უცხოურ ძალებსა და შიდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, მთელი ამ ყალბი დელეგიტიმაციის კამპანიის მთავარი მიზეზი ხომ ეს იყო, ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ვიღაცა ვერ შეეგუა ამ შედეგს და ვიღაცამ პატივი არ სცა ქართველი ხალხის ნებას.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ამის გამო ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როდესაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, ის დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები