„როგორც ქალი, ვგმობ იმას, რაც დღეს ილიას სახელობის უნივერსიტეტში მოხდა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ილიაუნში მომხდარი ტრაგედიის ფაქტს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
ნინო გიორგობიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ქალი, ვგმობ იმას, რაც დღეს ილიას სახელობის უნივერსიტეტში მოხდა და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო! ვიცი, რომ ამ ტრაგიკული საქმის შესახებ დიდი ინტერესია და ათასი ვერსია ვრცელდება. მე მოგაწვდით ინფორმაციას, მიმართა თუ არა მარია წივწივაძემ გარდაცვალებამდე პოლიციას და რა რეაგირება მოახდინეს პოლიციელებმა, და რას აკეთებს სამინისტრო ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა გაცილებით სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს და მის განხილვაში ფსიქოლოგები და სოციოლოგები აქტიურად უნდა ჩაერთონ. მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის აქტიურობა, ოჯახური ძალადობის საკითხებზე მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამინისტროსთვის ფასდაუდებელია. მათ რეკომენდაციებს ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ და პრაქტიკაშიც ვიყენებთ. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში არსებობს პრეტენზიები პოლიციის მიმართ იმის გამო, რომ არ ხდება სათანადო რეაგირება ოჯახური ძალადობის ფაქტებზე. დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მარია წივწივაძის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მოქმედება. მარია წივწივაძემ მიმართა რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს, მოხდა გასაუბრება ორივე მხარესთან და შედგა შესაბამისი ოქმი. მარია წივწივაძემ განაცხადა, რომ სურს, მისმა მეუღლემ აღარ შეაწუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვს შემაკავებელი ოქმის გამოწერას. შემდეგ 26 სექტემბერს მარია წივწივაძემ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას, 29 სექტემბერს მოხდა მისი მეუღლის დაბარება პოლიციაში და გაფრთხილება რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მრავალმხრივი მუშაობა: 1. 2012 წლის მაისში, შსს-ს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და ეს ქმედება თავისუფლებლების აღკვეთით დასჯადი გახდა. 2. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა ტარდება ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის.
3. შსს-ში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის ფუნქციაში შედის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის წარმოება და რეაგირების ადეკვატურობის ანალიზი. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ხარვეზები, იგეგმება საგანგებო შეხვედრა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
4. იგეგმება ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის დაწყება“, – წერს ნინო გიორგობიანი. შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში ტრაგედია დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ლექტორი მარია (მაკა) წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლაშა მაღარძემ ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
წივწივაძე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩევა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები