მიხეილ ყაველაშვილი: მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიისადმი ერთგულების, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისთვის

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლისას აღნიშნა, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს.

„ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი. თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა. ხორციელდება ინოვაციური პროექტები და სისტემური რეფორმები ყველა მიმართულებით. ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე იძლევა კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია – ამჟამად კი საქართველოში 19,000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიისადმი ერთგულების, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ნათელ ხსოვნას. ძვირფასო მეზღვაურებო,  თქვენი პროფესიის წარმომადგენლებს ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან გიწევთ გამკლავება, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიისადმი ერთგულების, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისთვის. თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები