შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილია ევროპა – ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა, უფასო ბაღები, მშობლების პატივისცემა და ღირსეული სიბერე

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერის საქმიანობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, კახა კალაძის მერობის პერიოდში განხორციელებული პროგრამები ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკას ასახავს.

„დღეს მოვისმინეთ, თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. მართლაც, ეს არის, რასაც ჩვენ ვხედავთ – როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და დედაქალაქი.

ვხედავთ როგორ ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები. ეს არის სამწუხარო პრობლემა. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილია ევროპა – ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანმა, რომელმაც თავისი შრომა შეალია ქალაქს თუ ქვეყანას, სათანადოდ იყოს დაფასებული.

ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა – ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ, იმისთვის რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა და ის პროგრამები, რომლებიც თბილისს კიდევ დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ამით ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად მოსახლეობის ასაკის ზრდაზეც ახდენს გავლენას.

ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა – ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი და ადამიანებს შვილები ვერ დაჰყავდათ ბაღებში. ჩვენ ვეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში, თავად კი დაკავდნენ საკუთარი პროფესიით. აი ეს არის, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აი აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ წარმოშვა ბრიუსელის მიერ იმის წარმოჩენამ, რომ სააკაშვილი და მისი მიდგომები არის ევროპა და არა ის, როგორც ამას ქართველი ხალხი ხედავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები